ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

ფესტივალი "თეატრალური იმერეთი " დაიწყო

11 ოქტომბერი, 2020

ქუთაისში იმერეთის თეატრალური ფესტივალი გაიხსნა. ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო, საზეიმო გახსნა ღია სივრცეში, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის „მწვანე სცენაზე“ შედგა. შეკრებილ საზოგადოებას სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძემ და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა მიმართა. „მოხარული ვარ, რომ კვლავ შევძელით ტრადიციული ფესტივალის „ თეატრალური იმერეთის“ ჩატარება და ქუთაისი ისევ უმასპინძლებს პროფესიონალურ თუ სამოყვარულო თეატრებს იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტიდან. ეს ფესტივალი ნამდვილი დღესასწაულია თეატრის, ზოგადად ხელოვნების მოყვარულთათვის და განსაკუთრებით ახლა, როცა პანდემიის გამო მოკლებული ვართ თეატრში მისვლის საშუალებას. ქუთაისის მერია იყო , არის და იქნება „თეატრალური იმერეთის“ ერთ-ერთი სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი. გილოცავთ ფესტივალის დაწყებას! წინ საინტერესო და მრავალფეროვანი დღეები გველოდება. წარმატებული იყოს ყველასთვის „თეატრალური იმერეთი 2020!“-განაცხადა დავით ერემეიშვილმა. დღესვე, ხარაგაულის სახალხო თეატრმა საფესტივალო სპექტაკლი, დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“ წარმოადგინა. ფესტივალი 10 ოქტომბერს გაიხსნა და 21 ოქტომბრამდე გაგრძელდება. სპექტაკლების დაიწყება 18:30 საათზე. ყველა წარმოდგენაზე დასწრება თავისუფალია.

გააზიარე