ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

ქუთაისში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო

25 დეკემბერი, 2020

ქუთაისში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო. ნაძვის ხის ანთების ცერემონიალი, რეგულაციების თანახმად, ხალხმრავლობის გარეშე გაიმართა. ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ნაძვის ხე ქუთაისელ მედიცინის მუშაკებთან ერთად აანთო. „კიდევ ერთ წელს მიითვლის მალე 21-ე საუკუნე. უცნაური და უჩვეულო იყო 2020 წელი საქართველოსთვის და მთელი მსოფლიოსთვის. სრულიად ახალი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით და გავერთიანდით ამ მოულოდნელი სირთულეების დასაძლევად. უჩვეულო გარემოში უნდა ავანთოთ დღეს ქუთაისის მთავარი საახალწლო ნაძვის ხეც. აქ არ იყვნენ ჩვენი ბავშვები, თუმცა, ეს ხდება მათივე უსაფრთხოებისა და სიმშვიდისათვის. შემთხვევით არ იყო, რომ ახლა ჩემს გვერდით ჩვენი თანაქალაქელი მედიკოსები იდგნენ და მათთან ერთად ავანთე ნაძვის ხე. ეს არის ჩვენი პატივისცემის გამოხატვა ამ ადამიანების მიმართ და კიდევ ერთხელ მადლობა მათ! ჩვენ ერთად შევძელით ეს რთული წელი ღირსეულად გაგვევლო. ჩვენ ვიყავით თანამებრძოლები და ეს ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა! დიდი მოლოდინები გვაქვს 2021 წლისთვის - ქუთაისის ხომ მაღალი დონის ევროპულ ფორუმს უმასპინძლებს, რასაც ჩვენი ქალაქისთვის მრავალი ახალი შესაძლებლობის მოტანა შეუძლია. მჯერა, ახალი წელი პანდემიის დამარცხების წელი იქნება და ჩვენ ისევ ერთად გავაგრძელებთ ქუთაისის განვითარებას და წინსვლას! მშვიდობა, ჯანმრთელობა, სიკეთე და სიხარული იყოს ჩვენს ოჯახებში, ჩვენს სამყაროში!“- მიმართა თანაქალაქელებს იოსებ ხახალეიშვილმა. ქალაქის მთავარი ნაძვის ხე ბაგრატის ტაძრის ორნამენტების მიხედვითაა შექმნილი. ნაძვის ხე ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მიერ შესრულებული „მრავალჟამიერის“ თანხლებით აინთო.

გააზიარე