ცხელი ხაზი:0(431)31 06 00 ან 1300 ან 595250309

ქუთაისს რეგიონალური განვითარების ფონდიდან 7 მლნ ლარი გამოეყო

30 იანვარი, 2019

ქუთაისის საკრებულოს რიგით მე-16 სხდომაზე 17 ძირითადი საკითხი განიხილეს.  ერთ-ერთი მთავარი საკითხი 2019 წლის პირველი საბიუჯეტო ცვლილება იყო, რომლის თანახმად ქალაქი რეგიონალური განვითარების ფონდიდან 7 მლნ ლარს მიიღებს. თანხა  ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება, აქედან 1 მლნ ლარი  სკოლების  ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად გამოიყო.

 

"რეგიონალური განვითარების ფონდიდან გამოყოფილი  თანხა ინფრასტრუქტურულ პროექტებს  მოხმარდება. ჩვენ კიდევ ველოდებით 5 მილიონ ლარს.

 

შარშან  გვქონდა 8 მილიონი და წლის ბოლოს დაგვიმატეს 3 მლნ ლარი. ვგეგმავთ რომ ჩვენი სწორი მუშაობის შედეგად წელსაც გავზარდოთ თანხები, რაც ძირითადად  ტურისტული და საგზაო ინფრასტრუქტურის  მოწესრიგებას მოხმარდება"- განაცხადა ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ.

 

საკრებულოს სხდომაზე დღესვე, HER2 დადებითი ძუძუს კიბოს (I- III ) სტადიის დაფინანსების პროგრამა დაამტკიცეს.

პროგრამა ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას მიერ იქნა ინიცირებული.

 

 მუნიციპალიტეტი HER-2 დადებითი ადრეული ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე პირებისთვის, სამკურნალო პროგრამას განახორციელებს.

 

დაავადების (I-III) სტადიის მკურნალობის პროგრამა მედიკამენტ ჰერცეპტინის თანადაფინანსებას გულისხმობს.

 

 ჰერცეპტინის პროგრამის მიზანია, ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაზე მკურნალობის ხელმისაწვდომობა და სრული კურსის ჩატარება საჭიროების მქონე პაციენტებისთვის.

 

 პროგრამის დაფინანსება წელს პირველად ხდება ქუთაისის ბიუჯეტიდან, რომლის ღირებულება 20 000 ლარია.

 

რიგით მე-16  სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, ნიკოლოზ ლატარია უძღვებოდა.

გააზიარე