ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

ქუთაისი ოპერის თეატრის 52-ე სეზონი ღია ცის ქვეშ გაიხსნა

14 ოქტომბერი, 2020

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა (სამხატვრო ხელმძღვანელი ირინა ლომინაძე) ახალი, 52-ე სეზონი გახსნა. პანდემიის გამო, სეზონის გახსნა საოპერო სცენის ნაცვლად, მესხიშვილის თეატრის ეზოში შექმნილ ახალ, ღია თეატრალურ სივრცეში -„მწვანე თეატრში“ გაიმართა. სეზონის გახსნას ესწრებოდა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. „დღეს ჩვენს ქალაქში მნიშვნელოვანი დღეა - მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრმა ახალი სეზონი გახსნა. ქვეყანაში შექმნილმა ეპიდსიტუაციამ შეაფერხა ეს პროცესი, მაგრამ ჩვენ მაინც შევძელით, რეგულაციების დაცვით, ღია ცის ქვეშ სეზონის გახსნა. დიდი ტრადიციების მქონე მუსიკალური ქალაქი, ზაქარია ფალიაშვილისა და ბალანჩივაძეების სამშობლო, ნამდვილად იმსახურებს ისეთ სახელოვან ოპერას და მომღერლებს, როგორიც თქვენ ხართ. გილოცავთ მეგობრებო და იმედს ვიტოვებ, რომ მალე საოპერო სპექტაკლებს შენობაშიც ვიხილავთ“- ასე მიმართა დავით ერემეიშვილმა ოპერის თეატრის დასს. ქართული საოპერო მუსიკის კონცერტში მონაწილეობდნენ ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტები, გუნდი და ორკესტრი, დირიჟორ რევაზ ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით.

გააზიარე