ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

,,ევროპის დღეს საგზაო მსხვერპლის გარეშე" კამპანიას ქუთაისი შეუერთდა

26 სექტემბერი, 2019

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” პარტნიორობით და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით, ქუთაისში, პირველ საჯარო სკოლასთან, საგზაო უსაფრთხოების აქცია გამართა.

საქართველო წელს პირველად უერთდება პროექტს “ევროპის დღე საგზაო მსხვერპლის გარეშე” (EDWARD), რომლის მიზანია, საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ცნობიერების ამაღლებით, საგზაო შემთხვევების მსხვერპლთა რიცხვის შემცირება. კამპანია 2016 წლიდან იღებს სათავეს და მასში ყოველწლიურად ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა მონაწილეობს. აქციაში განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ახალგაზრდული ცენტრისა და სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებმა მიიღეს მონაწილეობა. ახალგაზრდებმა სიმბოლური სერტიფიკატები და წამახალისებელი საჩუქრები იმ მძღოლებსა და ქვეითებს გადასცეს, რომლებიც საგზაო მოძრაობის წესებს იცავენ.

აქციაში ახალგაზრდებთან ერთად, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და იმერეთში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელი ბაქარ ბაბუხადია მონაწილეობდნენ.

„საქართველო წელს პირველად უერთდება პროექტს “ევროპის დღე საგზაო მსხვერპლის გარეშე”. უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა. ჩვენ ყველა ვხედავთ, საგზაო უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო, ყოველდღიურად, რამდენი ჩვენი მოქალაქე ზიანდება და სამწუხაროდ, იღუპება კიდეც. ქუთაისის მერია აქტიურ მხარდაჭერას უცხადებს ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” და მის პარტნიორ ორგანიზაციებს, იმ პროექტების განხორციელებაში, რომლებიც ხელს შეუწყობს საგზაო მსხვერპლთა რაოდენობის შემცირებას. ჩვენ , ყველას ერთად, საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ცნობიერების ამაღლებით, შეგვიძლია საგზაო შემთხვევების მსხვერპლთა რიცხვის შემცირება და ტრაგიკული ფინალების თავიდან არიდება. მშვიდობიან მგზავრობას გისურვებთ!“- განაცხადა აქციაზე ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

გააზიარე